საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინაში ექიმთა ჯგუფს აგზავნის. სამინისტროს ინფორმაციით, დავით სერგეენკო უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, ჰუმანიტარული მისიით უკრაინაში გაგზავნოს ექიმთა ჯგუფი, მედიკამენტები, სახარჯი მასალა ან იზრუნოს საომარი მოქმედებებისას დაზარალებული უკრაინელი პაციენტების ჯანმრთელობაზე: საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს უკრაინიდან პაციენტების ჩამოყვანა და საქართველოში მათი მკურნალობა-რეაბილიტირება.
საქართველოსა და უკრანის ჯანდაცვის მინისტრების შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ პირველ ეტაპზე, მომდევნო კვირის დასაწყისში, საქართველოდან უკრაინაში ჩავა ექიმთა ჯგუფი, რომელიც ადგილზე, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად დაადგენს საჭიროებებს. ამის შემდეგ დაზუსტდება, რა სახის დახმარებას გაუწევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინას.
შეგახსენებთ, რომ მინისტრმა სერგეენკომ და უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ საქართველოს მთავრობის სახელით, მსგავსი დახმარება უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს ოლეგ მუსიის თებერვალშიც შესთავაზეს. ამ ხნის განმავლობაში, დავით სერგეენკოს ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა უკრაინულ მხარესთან და შექმნილ სიტუაციაზე მუდმივად იყო ინფორმირებული. კვირის დასაწყისში ქართველ ექიმთა ჯგუფი უკრაინაში გაემგზავრება.