Express News

ხალხი ივანიშვილის დაბრუნებას ითხოვს

"ხალხის აზრი ასეთია - მათ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება უნდათ! როგორც აღმოჩნდა, მისი თანამდებობიდან წასვლას საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად აფასებს და აცხადებენ, რომ თავს მოტყუებულად გრძნობენ, ვინაიდან მათ ხმა ივანიშვილს მისცეს, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც მათ არ აურჩევიათ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ხალხი ივანიშვილის დაბრუნებას ითხოვს / "ისევ ივანიშვილი თუ იქნება ქვეყნის პატრონი, მშვიდად დავიძინებ!".

"რეზონანსის" გუშინდელ ნომერში გასულ სტატიაში საკუთარ აზრს იმის შესახებ, თუ რა გზას აირჩევდა ივანიშვილი და დაბრუნდებოდა თუ არა იგი პოლიტიკაში, პოლიტოლოგები გამოთქვამდნენ. ნაწილი ამას არ გამორიცხავდა, ნაწილი კი ექსპრემიერს იმ საქმით დაკავებას ურჩევდა, რომელიც უკეთ გამოსდის - ბიზნესით. დღეს კი თემაზე უბრალო მოქალაქეები გამოვკითხეთ. გამოკითხულთა დიდი ნაწილი ყოფილი პრემიერის თანამდებობაზე ხილვას კვლავ ისურვებდა. ამბობენ, რომ მას საქმე ბოლომდე არ მიუყვანია და ის დაპირებები, რომლებიც ხალხს მისცა, ჯერ შესასრულებელი აქვს", - აღნიშნავს გამოცემა.

"მე ვფიქრობ, რომ ბატონი ბიძინა პოლიტიკიდან ასე მალე არ უნდა წასულიყო. ამით საქართველოს ბევრი დააკლო. ხალხმა ის აირჩია, მას ენდო, მან კი ეს ხალხი შუა გზაში მიატოვა. ასე არ შეიძლება. ისეთი ხალხი დაგვიტოვა მმართველებად, სულ რომ არ ვიცნობდით. ამიტომაც, ჩემი აზრით, რაც მალე დაბრუნდება უკან, მისთვისაც უკეთესი იქნება და ჩვენთვისაც. ხომ ხედავს, რომ მისი წასვლის შემდეგ ხელისუფლება არჩევნებში ძლივს იმარჯვებს. ეგ კაცი თავის გუნდსაც სჭირდება და ხალხსაც", - ამბობს გია გოგოხია, 46 წლის, მათემატიკოსი.

"ძალიან გამიხარდება, თუ ბატონ ბიძინას ისევ აქტიურ პოლიტიკაში ვიხილავ. ჭკვიანი კაცია და ქვეყნის საქმესაც ჭკვიანურად წაიყვანს. ამხელა ბიზნესი გააკეთა, ამდენი ფული იშოვა, ამას ხომ ჭკუა უნდა, ყველა ხომ ვერ შეძლებს. გავლენიანი კაცია და ასეთი ხალხი ქართულ პოლიტიკას ნამდვილად სჭირდება. თანამდებობიდან რომ არ გადამდგარიყო, ვფიქრობ, ახლა ყველაფერი უკეთესად იქნებოდა", - აღნიშნავს თამარი, 33 წლის, დიასახლისი.

"მე ივანიშვილისთვის არც ხმა მიმიცია და არც მისი წასვლა მიდარდია. საერთოდაც არ ვფიქრობ, რომ კარგი პოლიტიკოსი იყო. არაა ეგ კაცი პოლიტიკოსი. ბიზნესმენია და თავისი საქმე აკეთოს. პოლიტიკა პოლიტიკოსების საქმეა. მაგალითად, მე ინჟინერი კაცი ვარ და ექიმად რომ დავიწყო მუშაობა, გამომივა რამე? ისე არ გამოუვიდა მასაც და კიდევ კარგი, რომ დროზე მიხვდა და წავიდა. თანაც ადამიანი, რომელსაც ამდენი ბიზნესი და დაინტერესება აქვს, ყველაფერს მიუკერძოებლად ვერ გააკეთებს. ის, პირველ რიგში, თავის ბიზნესსა და ინტერესზე იფიქრებს და იზრუნებს და მერე ქვეყანაზე. ყველაფერს ისე გააკეთებს, რომ ბიზნესს ხელი შეეწყოს და, არ მგონია, ეს ქვეყანას წაადგეს", - აცხადებს რევაზ ქოქაშვილი, 62 წლის, ინჟინერი.

"ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს. ეს საქმე აშკარად კარგად გამოსდიოდა და ხალხის მხარდაჭერაც მოიპოვა. მაგალითად, ჩემს სანაცნობოში ადამიანს ვერ ნახავთ, მასზე ცუდი რომ თქვას. ყველა პატივს სცემს, იმიტომ რომ ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელიც ამდენ სიკეთეს აკეთებს, ქველმოქმედებაში ამდენ ფულს დებს, ცუდს არ იკადრებს და მით უმეტეს ჩვენს ხარჯზე არ იყიდის და მასაჟებს არ გაიკეთებს, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა. მის ფონზე ივანიშვილი ჩემს თვალში კიდევ უფრო კარგი ადამიანი ჩანს. რაც უნდა გააკრიტიკონ ახლანდელი ხელისუფლება, რაც უნდა გააკეთონ მათ, რამდენი ბარკალიც უნდა შეჭამოს ხადურმა, წინა მთავრობას სიცუდეში მაინც ვერ აჯობებენ", - დასძენს ნინო გიგალაშვილი, 21 წლის, სტუდენტი.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT