Express News

ბათუმში ახალი ტელეკომპანია TV4 იხსნება



ბათუმში ახალი ტელევიზია გაიხსნა. TV4 საერთო მაუწყებელია. მის ეთერში საინფორმაციო პროგრამებთან ერთად გასართობ-შემეცნებითი გადაცემების გაშვებაც იგეგმება.
არხის გენერალური დირექტორი, რამაზ ურუშაძე ამბობს, რომ ტელევიზიის შექმნა ფინანსური სარგებლის მისაღებად გადაწყვიტეს. მისი აზრით, ბათუმში არის გარემო, რითაც შესაძლებელია პატარა, ხარისხიანი და მომგებიანი ტელევიზიის გაკეთება. ამ ეტაპზე კი ტელევიზიის დაფინანსების წყარო არხის დამფუძნებელების მიერ მიღებული საბანკო სესხია.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, TV4-ს 100 პროცენტიანი წილის მფლობელი შპს „ნიუ მედია აჭარაა“.  კომპანიის 35-35 პროცენტიანი წილი არხის დირექტორს, რამაზ ურუშაძესა და მურთაზ ფრანგულაშვილს ეკუთვნით. დარჩენილი 30 პროცენტიანი წილის მფოლბელი კი ლევან კალანდიაა.
TV4-მა საცდელი მაუწყებლობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. არხის პრეზენტაცია და საინფორმაციო პროგრამის გაშვება 4 აპრილს იგეგმება. არხის ყურება „სილქნეტის“, საკაბელო კომპანიების „ერასა“ და „ოცდამეერთე პლუსის“ აბობნენტებს შეუძლიათ. არხის ერთ-ერთი პრიორიტეტი ტურიზმის შესახებ მომზადებული გადაცემები იქნება.
რამაზ ურუშაძის თქმით, ამ ეტაპზე არცერთი ტელევიზიის ჟურნალისტთან არ მიმდინარეობს მოლაპარაკება, მათთან მუშაობის დაწყების შესახებ.
„სურვილი აქვთ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებს, რომ გადმოვიდნენ და გახდნენ ჩვენი თანამშრომლები. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული. უბრალოდ, მათ აქვთ სურვილი რომ იყვნენ ჩვენი თანამშრომლები“, - აღნიშნა ურუშაძემ Media.Ge-სთან საუბრისას.
თუმცა TV4-ს თანამშრომლები უკვე გახდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დღისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერები - სოფო ჟღენტი და ქეთი დუმბაძე, რომლებმაც ტელევიზია გასულ კვირას დატოვეს.
კომპანია „ნიუ მედია აჭარა“ ტლეარხის გახსნამდე აჭარის რეგიონში სატელევიზიო-სარეკლამო ბიზნესით იყო დაკავებული. კომპანია მუშაობდა სარეკლამო კლიპების, დოკუმენტური ფილმებისა და ტელედიზაინის შექმნაზე.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT