რატომ მისცა კუდის ყოფილმა მაღალჩინოსანმა , ოლეგ მელნიკოვმა აცილება ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილს? როგორც ცნობილია ველიჯანაშვილი პარალელურად ახალაიების ინტერესებსაც იცავს და ოჯახთან დაახლოებულ პირად მოიაზრება.
გაზეთი "პრაიმტაიმი" ჯერ კიდევ 250 -ე ნომერში წერდა, რომ უკრაინიდან ექსტრადირებული ოლეგ მელნიკოვი, შესაძლოა დათა ახალაიას წინააღმდეგ ალაპარაკდეს. საუბარია სანდრო გირგვლიანის საქმეზე. "პრაიმტაიმმა" მაშინ ეს ინფორმაცია ადვოკატ გოგა ონიანთანაც გადაამოწმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ოლეგ მელნიკოვმა პროკურატურისგან აღნიშნული ვერსიის დადასტურების შეთავაზება მიიღო.
"ჩემთან საუბარში მელნიკოვს არაერთხელ გამოუხატავს პოზიცია, რომ მან თქვა ის, რაც იცოდა და, რომ ის საერთოდ არ იმყოფებოდა ოქროყანაში . მიუხედავად ამისა, მელნიკოვს არაერთი საქმე აღუძრეს, სრულიად სხვადასხვა საქმეები, ამიტომ მას პირდაპირ სთავაზობენ, რომ შენი გამოშვება დამოკიდებულია ერთადერთ რამეზე - თუ დაადებ ხელს დათა ახალაიას და იტყვი, რომ მან მოკლა გირგვლიანი, შენ გაგათავისუფლებთო . მე დიდი იმედი მაქვს, რომ არც მელნიკოვი და არც რომელიმე სხვა ადამიანი, არ გაყიდის სინდისს იმ მიზნით, რომ რამდენიმე თვეში გარეთ გამოვიდეს. თუ ჩემი იმედები გაცრუვდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ოლეგ მელნიკოვმა მისცა ცრუ ჩვენება. ანალოგიური წინადადება მიიღო ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა , რომლის მიმართაც ასევე საქმეა აღძრული. უბრალოდ, მის ვინაობას, მისივე თხოვნით ვერ გავახმაურებ. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები გადალახავენ შიშს და ეტყვიან საზოგადოებას თუ რა მეთოდებით ცდილობენ საქმის შეთხზვას. ეს იქნება მორიგი შეურაცხყოფთ გირგვლიანის ოჯახის და მთელი საზოგადოებისა, ვინაიდან პროკურატურა აპირებს საერთოდ დაშალოს ეს საქმე და ვეღარასოდეს ვერ გამოიძიონ რეალური სურათი", - განაცხადა გაზეთ "პრაიმტაიმთან "საუბრისას გოგა ონიანმა.
ზემოხსენებული ვერსიით შესაძლოა მთლიანად შეიცვალოს სანდრო გირგვლიანის საქმის ირგვლივ არსებული სურათი. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ გირგვლიანი კუდის მაღალჩინოსნებს ოქროყანიდან გამოექცათ, თუმცა ის გზად დააკავეს, ჩაიყვანეს თბილისში, სადაც დათა ახალაიამ მისი ლიკვიდაცია მოახდინა, მოგვიანებით კი ცხედარი კვლავ ოქროყანაში აიტანეს. ერთ-ერთი ინფორმაციით, შესაძლოა აღნიშნული ვერსია ოლეგ მელიკოვთან ერთად პატიმრობაში მყოფმა დავით ჩხატარაშვილმაც დაადასტუროს.