პარტია ,,ქართული ოცნების” გორის ორგანიზაცია თავმჯდომარის მოადგილემ ნიკო ზაუტაშვილმა დატოვა. ამის შესახებ ზაუტაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,ნინო ბურჯანაძე – დამოკრატიული მოძრაობის” გორის ოფისში განუცხადა. ის გორის მერობის კანდიდატს ადვოკატ მამუკა ნოზაძეს თვითმმართველობის საარჩევნო კამპანიის წარმოებაში უკვე ეხმარება. თვით მერობის კანდიდატი მამუკა ნოზაძეც პარტია ,,ქართული ოცნების” გორის ორგანიზაციის დამფუძნებელი იყო.
,,მე, შეიძლება ითქვას, ნინო ბურჯანაძის პარტიას დავუბრუნდი” – ამბობს ზაუტაშვილი და ის იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც 2011 წლის 26 მაისის აქციების დარბევისას დააკავეს.
,,2012 წლის ბოლომდე პატიმრობაში ვიყავი, პოლიტპატიმრად აღიარებულ 45 კაციან სიაში შევდიოდი. ვფიქრობდი, რომ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგებოდა და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო კამპანიას ვეხმარებოდი. მისი გაპრეზიდენტების შემდეგ კოჰაბიტაცია კი არ დამთავრდა, არამედ გაგრძელდა. იძულებული გავხდი წამოვსულიყავი ,,ქართული ოცნებიდან” – ამბობს ზაუტაშვილი.
ნინო ბურჯანაძის შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თამუნა კოდოშვილი ამბობს, რომ ის პირები, რომლებიც 2011 წლის 26 მაისის აქციებზე ზეწოლას და ტერორს უძლებდნენ, მასთან ერთად, ხელისუფლებაში მოსასვლელად კოალიცია ,,ქართული ოცნებას” ეხმარებოდნენ. დღეს კი დადგა ის დრო, რომ ეს ხალხი საკუთარ იდეოლოგიას და ბრძოლას დაუბრუნდა.
,,ვერ გეტყვით, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების მონაწილეები ყველა უკლებლივ ბრუნდება პარტიაში, ზოგიც ,,ქართული ოცნების” რიგებში დარჩა, მაგრამ ძირითადი მიზეზი, რისთვისაც ჩვენ ყველანი ვიბრძოდით, ეს იყო სამართლიანობის აღდგენა. არ შეიძლება დანაშაულებრივ რეჟიმის მონაწილეებთან ურთიერთობა. ,,ქართული ოცნება” კვლავ აგრძელებს ურთიერთობას ნაციონალურ მოძრაობასთან და თუ ასე გაგრძელდა, ეს უკანასკნელნი ისევ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში” – ამბობს თამუნა კოდოშვილი.
რაც შეეხება ნიკო ზაუტაშვილს, ის 2013 წლის პარტიულ კონფერენციაზე, ბიუროს წევრად აირჩიეს. პარტია ,,ქართული ოცნების” გორის ორგანიზაცია 2013 წელს დაფუძნდა. შემდეგ 2013 წლის 28 აგვისტოს ახალგაზრდული ფრთა ჩააბარეს. ბოლოს კი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. ამ თანამდებობაზე 2014 წლის 28 მარტამდე რჩებოდა.
პარტია ,,ქართული ოცნების” ოფისში აცხადებენ, რომ ნიკო ზაუტაშვილს პარტიაში მნიშვნელოვანი პოსტი ეკავა. ,,აქედან გამომდინარე, მას საკუთარი იდეების განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდა” – ო, გვითხრეს ოფისში. რაც შეეხება გორის მერობის კანდიდატს მამუკა ნოზაძეს, ის კვლავაც ,,ქართული ოცნების” გორის ორგანიზაციის დამფუძნებლად ითვლება. პარტიის ბიურო კი საკუთარი რიგებიდან მათი გასვლის შესახებ ინფორმაციას ცნობად უახლოეს დღეებში მიიღებს.