სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის სამმართველოს მიერ იანვრიდან ივნისის ჩათვლით ნარკოტიკული ნივთიერებების სავარაუდო მოხმარებისთვის დაკავებულ იქნა 1600-მდე პირი.
დაკავებულთაგან მხოლოდ 130-მდე პირს დაუდგინდა სამართალდარღვევის ჩადენა.
„აღნიშნული მაჩვენებელი საგანგაშოა, რადგანაც ფაქტობრივად დაკავებულ პირთა 90 პროცენტზე მეტს არ დაუდგინდა სამართალდარღვევის ჩადენა და აჩენს სერიოზულ ეჭვებს, რომ პოლიცია პირთა დაკავებისას მოქმედებს არა საფუძვლიანი ეჭვის კრიტერიუმის გამოყენებით, არამედ თვითნებურად. მონიტორინგის დროს გამოკითხული სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ადასტურებდნენ, რომ აღნიშნულ ღონისძიებას იყენებენ პროფილაქტიკის მიზნით. აღნიშნული ქმედებით მკვიდრდება მოსაზრება, რომ შესაძლოა ყველა დაექვემდებაროს მსგავს დაკავებას და შემოწმებას, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა კონკრეტული პირის მიმართ საფუძვლიანი ეჭვის შექმნის საფუძვლები,“ - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.
აღნიშნული ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა ჟურნალების შემოწმებისას მოიპოვეს.
„ჯგუფის წევრების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ხშირ შემთხვევებში ხდებოდა პირთა დაკავება მისი ნარკოლოგიური შემოწმებისათვის შესაბამის დაწესებულებაში გადასაყვანად“ ნათქვამია გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელსაც ამ წუთებში სახალხო დამცველი პარლამენტს აცნობს.
წყარო http://livepress.ge