Express News

ირაკლი ღარიბაშვილი-“ბევრს არ ეჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი დამარცხდებოდა არჩევნებში, სამ არჩევნებში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დამარცხდნენ.


ყველამ პატივი უნდა სცეს სახელმწიფოს და კანონს, საჭიროა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ობიექტური გამოძიება გასცემს პასუხს ყველა კითხვას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბეშუმში შუამთობის დღესასწაულზე მყოფ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადებების კომენტირებისას.
“ბევრს არ ეჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი დამარცხდებოდა არჩევნებში, სამ არჩევნებში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დამარცხდნენ... მართლმსაჯულებამ განსაჯოს ვინ არის დამნაშავე და ვინ არა. მე არ ვაპირებ მიხელ სააკაშვილის აბსოლუტურად დემაგოგიურ განცხადებებზე კომენტარი გავაკეთო. საქართველოს მოსახლეობა 9 წლის განმავლობაში ისმენდა მის ტყუილებს და ვირტუალურ სამყაროში გვამყოფებდნენ ყველას,” - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე არასერიოზული და აბსურდული უწოდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას და განმარტა, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ქვეყანაში დღეს არსებული მშვიდობა და სტაბილურობა.
“რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დღეს საქართველოში ბევრად საშინელი სიტუაცია იქნებოდა, ვიდრე რაც ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყანაში-უკრაინაში. მიხეილ სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებებით, პირველი ესკალაცია მოხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. სწორედაც, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დღეს ჩვენთან არ იქნებოდა მშვიდობა და სტაბილურობა. ასევე მინდა გითხრათ, რომ მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო გაქცეული ქვეყნიდან, ვგულისხმობ 90-იან წლებს და მასზე არავინ არაფერი იცოდა, სწორედ ბიძინა ივანიშვილი ეხმარებოდა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. ადამიანი, რომელიც 20 წელია ეხმარება ქვეყანას, არ შეიძლება მასზე სხვა შეფასება გააკეთო. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ თავი აარიდონ მართლმსაჯულებას, მაგრამ მსოფლიო ისტორიას თუ გადავხედავთ, არ არსებობს, რომ სამართალი ბოლომდე არ აღდგეს. ჩვენ დავიწყეთ სამართლიანობის აღდგენის პროცესის და რაც მთავარია ამას ვაკეთებთ მაქსიმალურად გამჭვირვალედ. მაქსიმალურად ობიექტურად, რათა არავის არ დარჩეს არც ერთი კითხვა,” - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მანვე განმარტება გააკეთა უშიშროების საბჭოს სხდომაზე დაუსწრებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი დასწრების საჭიროება არ არსებოდა, რადგან ყველაფერი გარკვეული და შეთანხმებული იყო.
“ნატოს მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით მთავრობამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტი უხელმძღვანელებს დელეგაციას. გავრცელდა არასწორი ინფორმაცია უშიშროების საბჭოს ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით, რაც არასწორია. საუბარია უშიშროების საბჭოს ახალ კანონზე, რომელზეც მუშაობა უკვე დასრულდა და იგი სექტემბერში იქნება მიღებული,” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT