Express News

“კარფურის“ შემდეგ „მაკდონალდსი“ – ლაურა ღაჭავას კომპლექსში მსოფლიო ბრენდები შედიან

commersant.ge

კოდუების კუთვნილ კომპლექსში რამდენიმე მსოფლიო ბრენდი შედის. "კომერსანტისთვის“ ცნობილი ხდება, რომ „კარფურის“ გარდა, რომელიც ჭავჭავაძის 29 ნომერში განთავსებული შენობის მეორე სართულზე გაიხსნება, მის პირველ სართულზე რამდენიმე მსოფლიო ბრენდის მაღაზია განთავსდება. 

ესენია „ჯინსის გალერეა,“ „ფეხსაცმლის გალერეა,“ კოსმეტიკური ბრენდი „ივ როშე“ და „მაკდონალდსი.“

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ინფორმაციით, „მაკდონალდსი“ აღნიშნულ კომპლექსში მომავალ წელს, კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან 8 თვეში ამოქმედდება.

„მაკდონალდსი“ უახლოესი წლების განმავლობაში თბილისში სწრაფი კვების 15 რესტორნის გახსნას აპირებს. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა.

ამჟამად ქსელს ექვსი ფილიალი აქვს, აქედან ოთხი თბილისშია, ერთი ქუთაისში და ერთი ბათუმში.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, კოდუების კუთვნილი კომპლექსის მეორე სართულზე „კარფური“ შედის.

საუბარია ჭავჭავაძის #29-ში მდებარე შენობაზე, რომლის დასასრულებლად კოდუები ინვესტორს ეძებდნენ, თუმცა ამჟამად მშენებლობის დასრულებას საკუთარი სახსრებით ახდენენ.

მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დამკვეთია ლაურა ღაჭავას კომპანია PP, მშენებლობა 2012 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 2014–ის დასაწყისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო ამ თარიღმა თითქმის ორი წლით გადაიწია. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT