აჭარის უმაღლესი საბჭოს „ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის“ თავმჯდომარე მედეა ვასაძემ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას "ტელეარხი 25"-ის ჟურნალისტის, ჯაბა ანანიძის მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმის გამო 18 ივნისს ღია წერილით მიმართა, განცხადების ოფიციალურად გაგზავნას კი დღეს აპირებს.
დეპუტატს მიაჩნია, რომ საგამოძიებო ფილმში - „უმაღლესო კომფორტი“, რომელიც უმაღლესი საბჭოს წევრების სახელფასო ანაზღაურებასა და საქმიანობას ეხება, ქარტიის ის პრინციპები (1, 3, 4, 11) დაირღვა, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი გზები უნდა გამოიყენოს და არ დაამახინჯოს ფაქტები.
ჯაბა ანანიძე არ ეთანმხება მედეა ვასაძის ბრალდებებს. ის Media.Ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები არ დაურღვევია და დეპუტატის ყველა ბრალდებაზე ფილმშია გაცემული პასუხი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ ვასაძის მიერ ქარტიისთვის მიმართვა არ ცვლის დეპუტატის პასუხისმგებლობას, რომელმაც ჟურნალისტს ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ დაურეკა და დაემუქრა. მისი თქმით, ვასაძე ცდილობდა „ტელეარხ 25“-ს შეეწყვიტა მის წინააღმდეგ კრიტიკა, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლაა.
„მოხარული ვიქნებოდი, რომ დეპუტატს ქარტიისთვის თავის დროზე მოემართა, სანამ ჟურნალისტს დაურეკავდა. იმედი მაქვს, რომ ეს სხვა საჯარო მოხელეებს გაზრდის და ეცოდინებათ, რომ არსებობს თვითრეგულირების მექანიზმები. არც ეს განცხადება და არც ის შედეგი, რაც შეიძლება ამ განცხადების შემდეგ დადგეს, არ ცვლის იმ პრობლემას - მუქარის ზარს“, - უთხრა კუპრაშვილმა Media.Ge-ს, რომელიც მიიჩნევს, რომ უმაღლესი საბჭო არ უნდა დაელოდოს ქარტიის მიერ გადაწყვეტილების მიღებას და მისი პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელოს, ვინაიდან ჯაბა ანანიძის მიერ ფილმში ეთიკური სტანდარტების დარღვევა/არ დარღვევა ერთი საკითხია, ვასაძის მხრიდან განხორციელებული მუქარა კი - მეორე.
აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობის წევრმა ფრაქცია „ქართლი ოცნება - აჭარიდან“ გია მასალკინმა Media.Ge-ს 18 ივნისს განუცხადა, რომ ვასაძეს ამოეწურა უმრავლესობის მიერ მიცემული ვადა, როცა უნდა გადაეწყვიტა - ჯაბა ანანიძესთან განხორციელებული ზარის გამო დატოვებდა თანამდებობას თუ მოიხდიდა ბოდიშს. მედეა ვასაძემ გადაწყვეტილება არ მიიღო. მიუხედავად ამისა, უმრავლესობას უმსჯელია დეპუტატის „ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
მედეა ვასაძის თანამდებობიდან გადაყენებას არასამათავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების ნაწილი მას შემდეგ ითხოვს, რაც ბათუმის „ტელეარხი 25“-მა დეპუტატსა და ჟურნალისტ ჯაბა ანანიძის სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა. ტელეკომპანიის განცხადებით, საგამოძიებო ფილმის გამო დეპუტატი ჟურნალისტს ემუქრებოდა და მის სექსუალურ ორიენტაციაზე მიანიშნებდა. ამ საქმის გამოსაძიებლად ანანიძემ პროკურატურასაც მიმართა.
,,უბედნიერესი ქალი ვიქნები ფეხქვეშ რომ გავიგდებდე“ ,,ჯაბა რა გასალახია, ისედაც გალახულია“ აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმდჯომარე მოქალაქე დოდო დიასამიძისა და ჟურნალისტ ჟაბა ანანიძის მიმართ შეუარცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას განაგრძობს. რეგიონის პირველი უფლებადამცველი იმუქრება, რომ თავად იზრუნებს იმაზე, რომ ჯაბა ანანიძე პროკურატურაში დაიბარონ. უფლებადამცველი ირწმუნება, რომ ჯაბა ანანიძე ერთსქესიანი ქორწინების მომხრეა, რაც მისთვის მიუღებელია. საკითხს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გამოეხმაურა. დავით ბაციკაძე თვლის, რომ ვასაძემ ბოდიში საჯაროდ უნდა მოიხადოს. რაც შეეხება მის თანამდებობრივ პასუხისმგებლობას, ბაციკაძე განმარტავს, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში აღნიშნულ საკითხზეც იმსჯელებენ.