მელიას გასული 9 წლის განმავლობაში ციხეებში განვითარებული მოვლენები შეახსენეს
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას შეხვედრა მოსახლეობასთან ინციდენტით დასრულდა.
ღონისძიებაზე, რომელიც ექიმების გადამზადების ცენტრთან მიმდინარეობდა და ჩავარდნილ პროექტებს ეხებოდა, ახალგაზრდული ცენტრისა და მელიას მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მელიას გასული 9 წლის განმავლობაში ციხეებში განვითარებული მოვლენები შეახსენეს, თავის მხრივ კი, მელიამ მათ მოუწოდა, რომ პროვოკაციებისგან თავი შეეკავებინათ და სუს–ის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციებს არ დაყრდნობოდნენ.
„იმის მაგივრდად, რომ ქალაქი განვითარების რეჟიმიდან არ ამოვაგდოთ, ვხედავთ შეჩერებულ ობიექტებს და გაურკვეველ ადამიანებს, რომლებიც მეგაფონებით მოძრაობენ, თავს ასაღებენ რიგით მოქალაქეებად, თითქოს შემთხვევით მოაღწიეს ჩვენამდე, რაც შეუძლებელია, რადგან იგივე ხდება ზუგდიდში, თელავში და სამწუხაროა, რომ ჩვენს გადაადგილებას აკონტროლებს სუსი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
აღსანიშნავია, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა ღონისძიებები ხმაურის ფონზე წარიმართა. ინციდენტი მოხდა ანაკლიაში, თელავსა და ბათუმშიც.