საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძის განცხადებით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდება.
ამის შესახებ საგანელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა.
„ეს ადამიანი თავის ქვეყანაში არ ბრუნდება და ვერ დაბრუნდება, რადგან იცის 7 ნოემბრის გარდა, რამდენი სისაძაგლე აქვს ჩადენლი, შესაბამისად, არსებობს საერთაშორისო შეთანხმებები. ის იქნება ძებნილი და იმედი მაქვს, რომ დააბრუნებენ“, - განაცხადა საგანელიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ინტერპოლით გამოცხადდება თუ არა ძებნა სააკაშვილზე, საგანელიძემ განაცხადა, რომ „თავისთავად ცხადია“.
„საუბარია საერთაშორისო კანონმდებლობაზე, რაც არსებობს. სააკაშვილი ბუნებრივია ყველგან ირბენს, შეეცდება სადმე პოლიტიკური თავშესაფარი მოძებნოს და ვინმეს დანახოს, რომ თითქოს ეს ანგარიშსწორებაა მის მიმართ, მაგრამ იმედი მაქვს, გარდა მისი მეგობრებისა, რომელიც მას საკმაოდ ჰყავს პოლიტიკურ წრეში, არსებობენ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები, სახელმწიფო ინსტიტუტები და სამართლებრივი ურთიერთობა ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა მან.