კიტოვანი საქართველოში ტერორისტული აქტების დაწყებას პროგნოზირებს და „ანტიტერორისტულ კომიტეტს“ აყალიბებს
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა, გენერალ ზურაბ ბაქრაძესთან და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ რომან გვენცაძესთან ერთად, „ანტიტერორისტული კომიტეტი“ ჩამოაყალიბა.
როგორც თენგიზ კიტოვანმა გაზეთ „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, აღნიშნული კომიტეტი სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომელიც ერს ნარკომანიისგან, წამლების შემოტანისა და ტერორისტული აქტებისგან დაიცავს.
„ჩვენ გვიწერია წესდებაში, რომ ჩვენი მოქმედება იქნება შეთანხმებული ოფიციალურ ორგანიზაციებთან და მანდ საიდუმლო არაფერი არ იქნება. მაგრამ ჩვენ ვგრძნობთ, რომ მალე საქართველოში ტერორისტული აქტები იქნება. მე ვგრძნობ ამას და წინააღმდეგნი ვართ, რომ დაიღუპოს რომელიმე ჩვენი მოქალაქე.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს საზღვარზე დააკავეს 900 კილოგრამი ნარკოტიკი, რაც ჩვენთან შემოჰქონდათ, დაიჭირეს სომხებმა და მძღოლი ქართველი იყო, ეს 900 კილო რამდენია იცით? ეს რომ შემოსულოყო ნახევარი საქართველო იქნებოდა წამლის ქვეშ “- განაცხადა კიტოვანმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, საქართველოში ადრე 40 000 ნარკომანი იყო, ახლა კი, 300 000-მდე გაიზარდა.