Express News

რუსთავის მერი - მძღოლების აქციები "ნაციონალების" მიერ არის მართული


რუსთავის მერი დავით ჯიქია აცხადებს, რომ მძღოლების საპროტესტო აქციები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლების მიერაა მართული და პროცესები უკვე პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა. ამის შესახებ რუსთავის მერმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალა წარმოადგინა.
"პროცესები გადასულია პოლიტიკურ ჭრილში. ბოლო სამი კვირის განმავლობაში აქციებში მონაწილეობს "თავისუფალი ზონის" რუსთავის ოფისი. არსებობს ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც კარგად ჩანს ხალხი, რომელიც უშუალოდ ორგანიზებას უწევს ამ აქციებს. ისინი ოფიციალურად ფიქსირდებიან "თავისუფალ ზონაში". არის ინფორმაცია, რომ ამ პროცესებში გარკვეული ფორმით არიან ჩართული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის ოფისის წარმომადგენლები. წინასაარჩევნო პერიოდია და ვფიქრობ, ყველანაირ სიბინძურეზე წამსვლელები არიან", - აღნიშნა დავით ჯიქიამ. 
მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში არსებული ნებისმიერი დესტაბილიზაცია "ნაციონალურ მოძრაობას" აძლევს ხელს. "მოგეხსენებათ "ნაციონალურ მოძრაობას" არა აქვს ის პროცენტული მაჩვენებელი, რაც მათ სურთ და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დესტაბილიზაცია ხელს აძლევთ და მათთვის რაღაც ქულების ჩამწერია. თუნდაც დღევანდელი დღეა ამისი დამადასტურებელი. ისინი მივიდნენ პარტიის ოფისთან, პარტიის გენმდივნის მისამართით აკეთებენ აბსურდულ ბრალდებებს. იქ მისვლა, ბენზინის გადასხმა და თავის დაწვის მცდელობა პირდაპირ ასახავს იმას, რომ ეს სიტუაცია პოლიტიკურ ჭრილშია გადასული", - აღნიშნა დავით ჯიქიამ. 
რუსთავის მერის განცხადებით, საკონკურსო წესი არის სრულყოფილი, მასში წერია, რომ ყველა მძღოლი საქმდება, როგორც ინდმეწარმე, მგზავრობის ღირებულება ვერ მოიმატებს, წესში პირდაპირაა მითითებული, რომ თუ გამარჯვებული კომპანია ვერ შეასრულებს ვალდებულებებს მძღოლებთან მიმართებაში და რომელიმე მძღოლი, განცხადების შეტანის შემთხვევაში დაუსაქმებელი დარჩება, ეს პირდაპირ ასოცირდება იმასთან, რომ კომპანიამ ვერ შეასრულა საკონკურსო პირობები. ამასთან, ჯიქიას თქმით, კონკურსში გამარჯვებული კომპანია "ინტერტრანსი" მზად არის და აიღო ვალდებულება, რომ ის მძღოლები, რომელთაც კრედიტით აქვთ მანქანები შეძენილი, ასეთი სულ 60-ია, საკუთარი მანქანებით დაასაქმოს აღნიშნულ ხაზზე. კომპანია ასევე იღებს ვალდებულებას და დააზღვევს როგორც მძღოლებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს.


interpressnews.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT