Express News

“ნაციონალებმა” და “ოცნებამ” ზუგდიდში 9 აპრილი ცალ-ცალკე აღნიშნეს



9 აპრილის აღნიშნვა და ამ დღის გმირების გახსენება ზუგდიდში ცალცალკე, განსხვავებული ღონისძიებებით გადაწყვიტეს “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა. “ქართული ოცნების” ზუგდიდის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რამდენიმე კვირით ადრე დაგეგმა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მერი შენგელაიამ განუცხადა, თუმცა ღონისძიების დეტალების ჩამოთვლისგან თავი შეიკავა. შენგელაიამ აღნიშნა, რომ ღონისძიება 8 აპრილს საღამოს საათებიდან დაიწყებოდა და 9 აპრილს დილის საათებში დასრულდებოდა.
“ჩვენ ყველაფერი წინასწარ დავგეგმეთ, ანუ გავაკეთეთ საკმაოდ ორიგინალური სცენარი, რომლის მიხედვითაც პატივს მივაგებდით 9 აპრილის ქართველ გმირებს. ღამის თევის ინცენირებაც ზუსტად შესაბამისობაში მოდიოდა 9 აპრილის ღამესთან. ეს ორიგინალური სცენარი “ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ყველამ ერთად შევიმუშავეთ”-აღნიშნავს შენგელაია.
მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა “ქართული ოცნების” ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ჯგუფიც დაპატიჟა დაანონსებულ ღონისძიებაზე. მიპატიჟება “ნაციონალებმა” მიიღეს, ღონისძიებაზეც გამოცხადდნენ, სანთლებიც აანთეს, თუმცა ნახევრადჩამქრალი სანთლებით იქაურობას მალევე გაეცალნენ. მოგვიანებით მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიება ნაცვლად 9 აპრილის მემორიალისა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ფოიეში გამართეს. ამის მიზეზი კი სავარაუდოდ უამინდობა გახდა ( სპეციალურად დადგმული პერფომანსის ჩატარების ადგილად თავიდან მემორიალის წინა ტერიტორია სახელდებოდა, მოგვიანებით მიღებულ იქნე გადაწყვეტილება, რომ გუბერნიის წინა ტერიტორია დაეკავებინათ, თუმცა ამასობაში ძლიერი წვიმა მოვიდა და პერფომანსის მონაწილე სკოლის მოსწავლეებს ფოიეში მოუყარეს თავი)
“ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული ღონისძიებისგან განსხვავებით აზრთა სხვადასხვაობა და მაყურებელთა კრიტიკა მოჰყვა “ნაციონალების” მიერ წარმოდგენილ პერფომანსს, რომელიც როგორც ამბობდნენ საკმაოდ პოლიტიზირებული იყო და ცეკვა-თამაშის ელემენტებს შეიცავდა.
“მიუხედავად იმისა, რომ ეს დღე ქართველი ერის გამარჯვების დღედ ითვლება, აქ მაინც გვმართებს ცოტაოდენი თავის შეკავება. ეს დღე მაინც ასოცირდება ტრაგედიასთან და ცეკვა-თამაში ულამაზოა. გარდა ამისა ამ დღეს მაინც თავი უნდა შევიკავოთ პოლიტიკისგან და არ უნდა გამოვხატოთ ის რაიმე ფორმით. აბსოლიტურად პოლიტიზირებული იყო “ნაციონალებისა” და წითლიძის მიერ წარმოდგენილი ე.წ პერფომანსი. ხომ შესთავაზა “ქართული ოცნების” ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ერთად მდგარიყვნენ ამ ერთ დღეს მაინც და ერთად მიეგოთ პატივი 9 აპრილის გმირებისთვის?”-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც უკმაყოფილოა მსგავსი ღონისძიებით.
ამ წუთებში კვლავ მიმდინარეობს ზუგდიდში, ცხრა აპრილის მემორიალთან “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ღონისძიება, რომელიც როგორც ავღნიშნეთ მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. მიუხედავად უამინდობისა, ღონისძიებას ზუგდიდის ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ამ წუთებშიც უერთდება.
“ჩვენთვის ეს დღე, 9 აპრილი ყველაფერია. მე პირადად არ მაინტერესებს არცერთი პოლიტიკური ძალა და საერთოდ პოლიტიკა. მე აქ მოვედი რომ პატივი მივაგო ჩვენს გმირებს. სწორედ აქ, სადაც მათ პატივსაცემად დღემდე არსებობს 9 აპრილის მემორიალი”-აღნიშნავს ზუგდიდელი ნიკა პატარაია.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT