სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ცხრა მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც სამეგრელოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე აიჩია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ე.წ “შავ სიაში” ხვდება. დეპუტატების საქმიანობა არადამაკმაყოფილებლად ფასდება. დეპუტატებთან სერიოზული შენიშვნები არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობას” აქვს.
ანგარიშის ავტორების ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში დასახელებულ მაჟორიტარებს საკუთარი რაიონის პრობლემების შესასწავლად ელემენტარული კვლევაც კი არ ჩაუტარებიათ. ეკა ბესელიას, ვიქტორ ჯაფარიძეს, გურამ მისაბიშვილს, დავით დარცმელიძეს, ნაული ჯანაშიას,ლევან ქარდავას, გოდერძი ბუკიასა და ვახტანგ ლენონჯავას მიმართ არასამთავრობო ორგანიზაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობას” სამართლიანი შენიშნვები გააჩნია. სამეგრელოს მაჟორიტარებს ურჩევენ ხალხთან მუშაობასა და მათი პრობლემების შესწავლას მეტი დრო დაუთმონ.
“აქცენტი გავაკეთეთ ძირითადად მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობაზე და პლუს, რამდენად ხშირად ხვდება მაჟორიტარი საკუთარ მოსახლეობას. ჩვენ როცა გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, რამდენიმე ბიურომ და მათ შორის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ საჯარო ინფორმაცია ვადის მნიშვნელოვანი დარღვევით მოგვაწოდა.”-აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგეენელი არჩილ თოდუა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობაში” აცხადებენ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ დაედგინათ თუ სად არის ამა თუ იმ მაჟორიტარის ბიურო. მათივე განცხადებით ხალხმა არ იცის მათ მიერ არჩეული დეპუტატის ბიურო რაიონში სად მდებარეობს. მათი ბიუროების ადგილმდებარეობის დასადგენად “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” წერილები პარლამენტში გააგზავნა და სწორედ ასეთი გზით გახდა შესაძლებელი ადგილმდებარეობის დადგენა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების რჩენა სამეგრელოში ყოველთვიურად 25.805 ლარი ჯდება. ეს ის თანხაა, რომელიც რვა მაჟორიტარულ ბიუროში თანამშრომლებზე ყოველთვიურად გაიცემა.მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ სახელფასო განაკვეთი სტანდარტებს არ შეესაბამება.
smoge.org