უმცირესობის დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტს ოფიციალური განცხადებით უკვე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მომხდარს პოლიტიკური შეფასება მისცა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ღარიბაშვილ-ივანიშვილის მიზანია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გატეხვა და მისი პრორუსული ოპოზიციით ჩანაცვლება, რაც მოძრაობის წევრებისთვის მიუღებელია და ისინი ნებისმიერი ზეწოლის მიუხედავად გააგრძელებენ უკომპრომისო ბრძოლას საქართველოს და მისი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.
ამ დროისთვის დეპუტატი რესპუბლიკური საავადმყოფოდან, სადაც ის ტომოგრაფიულ გამოკვლევაზე იმყოფებოდა, სახლშია გადაყვანილი. როგორც წიკლაურის ახლობლები "გურია ნიუსთან" საუბარში აცხადებენ, მას საკმაოდ ძლიერი დაზიანებები აქვს მიღებული და ჯერ ვერ მოხერხდა მასთან მომხდარზე დალაპარაკება. ამიტომ, საქმის დეტალების გარკვევამდე, კომენტარისგან თავს იკავებენ. მანამდე კი, სანამ "ნაციონალური მოძრაობის" ცალკეული წევრები კომენტარებს გააკეთებენ, არანაკლებ საინტერესოა რას ფიქრობენ მომხდარზე არასაპარლამენტო ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
"გურია ნიუსი" კითხვით - რას ფიქრობთ მომხდარზე, ხომ არ გამოიწვევს ცემის ეს ფაქტი დესტაბილიზაციას და რა უნდა გააკეთოს მთავრობამ? - სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს დაუკავშირდა.
გოგი ლორთქიფანიძე ("სახალხო პარტია"): "მიუხედავად ჩემი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი დამოკიდებულებისა ამ პიროვნების და იმ პოლიტიკური გუნდის მიმართ, რომელსაც წიკლაური წარმოადგენს, ამ საქმის გამოძიება პრემიერ-მინისტრის პრესტიჟის საქმე უნდა გახდეს. მთავრობამ უნდა იმოქმედოს, ჩაატაროს გამოძიება და არ უნდა დარჩეს ეს ფაქტი გელაშვილის ცემასავით გამოუძიებელი... თუ გამოვალთ იმ პრინციპიდან, რომ ვის წისქვილზე ასხამს მომხდარი წყალს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყველაზე ნაკლებად სახელმწიფოს უნდა აწყობდეს ის რაც მოხდა, ხოლო "ნაცებისაგან" არაფერი არ არის მოულოდნელი, თუნდაც ამ ფაქტის დადგმის ჩათვლით... რაც მივიღეთ წაყრუებით და თავის კანტურის პოლიტიკით, ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ, უნდა შეძლოს ხელისუფლებამ და ერთხელ მაინც ოპერატიულად გახსნას დანაშაული".
გიორგი ლაღიძე (პარტია "მომავალი საქართველო"): "როგორ სჩანს, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ისევ უბრუნდება პოლიტიკური ანგარიშსწორების ამგვარ მეთოდს, რაც მხოლოდ და მხოლოდ დამღუპველია, რაც მოუტანა ასეთი სახის დაპირისპირებამ საქართველოს მეოცე საუკუნის დასასრულს, ყველამ ვნახეთ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს მომხდარი დანაშაული და არ მიეცეს ამას თუნდაც ხელისუფლების უმოქმედობით წახალისება. მათ თუ ეს არ გააკეთეს, მერწმუნეთ, ძალიან ცუდი ტენდენცია განვითარდება და ხელისუფლებასაც ბუმერანგივით დაუბრუნდება უკან".
ხათუნა ჟორდანია (საქართველოს "სოციალ-დემოკრატიული"პარტია): "თავისთავად, ცემის ფაქტი, რომელ პოლიტიკურ ძალასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს ეს პიროვნება, არ არის გასასამართლებელი, მაგრამ წიკლაური არანაირ პოლიტიკურ ამინდს არ ქმნის, რომ მისმა ცემამ ან არ ცემამ რაიმე დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ახლა "ნაციონალებს" ძალიან აწყობთ "დაჩაგრულის პოზიციაში" ყოფნა და ყველაფერზე წავლენ, რომ როგორმე მოახერხონ ხელისუფლებაში დაბრუნება, მაგრამ მათ ვერ გაიგეს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ისინი უკვე გაქრნენ პოლიტიკური არენიდან და მათი დაბრუნება შეუძლებელია. დღეს თუ კიდევ ჩანან, მხოლოდ იმიტომ, რომ ჟურნალისტები აპიარებენ და საკმაოდ ბევრ დროს უთმობენ მათ შავ თუ თეთრ პიარს, ამიტომაც ისევ ჩანან ტელე-სივრცეში. "ნაციონალები" ნებისმიერ პროვოკაციაზე წავლენ.
_ და მოცემულ სიტუაციაში მთავრობამ რა უნდა გააკეთოს?
_ მთავრობას აქამდე უნდა დაესაჯა დამნაშავეები, სამართლიანობა უნდა აღედგინა და ეს პროცესი გაუშვა ხელიდან.
_ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს თუ არა ფაქტის დაჩქარებული წესით გამოძიება?
_ რომელი ფაქტის გამოძიება, წიკლაური რომ ცემეს? ჟვანიას, გვირგვლიანის და რამდენი ახალგაზრდის მკვლელობა არ გამოიძიეს დაჩქარებული წესით და წიკლაურის ყბაში ერთი მოდება უნდა იქნეს გამოძიებული? ისინი სიცოცხლის ხელყოფას ახდენდნენ და ცემის ფაქტი გახდა საგანგაშო? თუ ძალიან არსებითი მნიშვნელობა მიეცემა ამ ფაქტს, ხვალ უფრო მეტ პროვოკაციებს განახორციელებენ. ამიტომ, მთავრობა არ უნდა წამოეგოს ამ პროვოკაციაზე, თუნდაც ყირამალა დადგნენ. უფრო სწორი იქნება, თუ ხელისუფლება თავად წიკლაურის პროვოკაციას გამოიძიებს, რადგან მორალურად დამნაშავე სწორედ რომ ისაა. მისგან გამწარებული კაცი კი როგორ იმოქმედებს, შემოულაწუნებს, ყბას მოუნგრევს თუ თავზე ხელს გადაუსვამს, ეს ადამიანური დამოკიდებულების ფორმაა, წესით უნდა გაგეღიმოს მათ ასეთ პროვოკაციებზე, მაგრამ ყველას აღარ ჰყოფნის ნერვები. მითუმეტეს, როცა თეთრზე შავიაო - გეუბნებიან. ხელისუფლება არ უნდა აჰყვეს "ნაციონალების" პროვოკაციებს".
არჩილ წაქაძე (საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ჩვენ საქართველოს მოქალაქენი"): "თავისთავად, ფაქტი აღმაშფოთებელია, მაგრამ საინტერესო ფენომენთან გვაქვს საქმე - სოციალურ ქსელებზე თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს უხარია და მიესალმება. ეს ფაქტი ძალიან დამაფიქრებელი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის - ხომ არ დაგვიანდა სამართლიანობის აღდგენა?! თვითონ ფაქტი, რომ წიკლაურს ფიზიკური დაზიანება აღენიშნება, მისივე სახეზეა. მაგრამ, როგორც თვითონ ჰყვება, ღამის 3 საათზე 7-8 ნიღბიანი ადამიანისგან ელექტროშოკის დახმარებით ნაცემს არაფრით ჰგავს და ძალიან გადაჭარბებულად მიმაჩნია. უფრო კლასელისთვის "ჩუპა-ჩუპსის" წართმევისთვის მიტყეპილი მოზარდის შთაბეჭდილება რჩება. ნებისმიერ შემთხვევაში დეპუტატის სტატუსის მქონე პიროვნებაზე თავდასხმა, თუნდაც ეს იყოს წიკლაური, იმ გუნდის ოდიოზური წარმომადგენელი, რომელიც საშინელებებს სჩადიოდა მმართველობის პერიოდში, გაუმართლებელია! სხვა საქმეა, რომ ამ გუნდისგან მოსახლეობა მიჩვეულია დადგმულ სცენარებს და ხელოვნურობას, როგორც ეს მეორე დეპუტატ, ჩიორა თაქთაქიშვილის შემთხვევაში იყო. თუ მხედველობაში მივიღებთ ბოლო დროს მაიდნის მოვლენებით მუქარას, საეჭვო ძალების დაპირისპირებას კინოს სახლთან თუ პუშკინის სკვერში, შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს რაღაც ძალები ხელოვნურად ცდილობენ სიტუაციის დუღილის ტემპერატურამდე მიყვანას. იმედს ვიტოვებ, თუმცა კი მეეჭვება, რომ ამ მოვლენების ჯაჭვში არ აღმოჩნდება თათუხაშვილის აბსოლუტურად ბუნდოვანი ტრაგედიის ადგილი... აქედან გამომდინარე ხელისუფლებას ვთხოვ და მოვუწოდებ - მაქსიმალურად სწრაფად იქნას გამოძიებული დღევანდელი ფაქტი. ასევე ბოლო დროს მომხდარი რამდენიმე ამაზრზენი შემთხვევა და საზოგადოების ნებისმიერ კითხვას დროულად გაეცით პასუხი. დააჩქარეთ თითქმის უკვე სატირულად სახსენებელი "სამართლიანობის აღდგენა" და მაქსიმალურად აღკვეთეთ დესტაბილიზაციის ნებისმიერი ხელოვნური მცდელობა".
რუსუდან შარაძე ("გურამ შარაძის საზოგადოება"): "არ მჯერა ნუგზარ წიკლაურის არცერთი სიტყვის, იმიტომ , რომ 10 წლის განმავლობაში მისი პირიდან სიმართლის მარცვალიც არ თქმულა. მართლა რომ დახვედროდა 3 მანქანა ხალხი ელექტროშოკებით, მიზანმიმართულად, როგორც თავად ამბობს, დარწმუნებული ვარ, წიკლაურისგან არაფერი დარჩებოდა... შეიძლება, მართლა გადაეყარა ვინმე და მართლა გაულაწუნეს სახეში. სულ არ გამიკვირდება, უცხო ადამიანებს რომ ეცემათ, ისე ეზიზღება წიკლაური ყველას. მას კი ეს თავის და პარტიის სასარგებლოდ გამოეყენებინა. ბევრი დაფიქრება არ სჭირდება იმას, რომ წიკლაური ელექტროშოკებით შეიარაღებულ 8 კაცს ვერ მოიგერიებდა ისე, რომ ტანისამოსიც არ დასვრია. აფერისტობას აქვს ადგილი".
როგორც კომენტარებში ჩანს და სოციალურ ქსელსაც თუ გადავხედავთ, ბევრ ადამიანში ეჭვს ბადებს, როგორ გაუმკლავდა დეპუტატი 7-8 ადამიანს. სწორედ ამ კითხვით "გურია ნიუსი" ადვოკატ გოგა ონიანს დაუკავშირდა.
_ პირველ რიგში, რა შეფასებას მისცემთ მომხდარს და როგორ ფიქრობთ, რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ?
_ თვითონ ფაქტი, ის რომ სამი ავტომობილით მასკებით და ელექტროშოკებით იყვნენ თავდამსხმელები შეიარაღებულნი, იცოდნენ ადგილი, სადაც არ იყო ვიდეოკამერები და აპირებდნენ კაცის გატაცებას, ბადებს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ ეს ხელისუფლების მიერ არის ინსპირირებული. უკავშირდება მოახლოებულ ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებს და ნუგზარ წიკლაურის აქტიურობას. რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ? უსწრაფესად უნდა გამოიძიოს და ის სუსის თანამშრომლები დასაჯოს ვინც მონაწილეობდა აღნიშნულ დანაშაულში.
_ საზოგადოებაში უკვე დაისვა კითხვა, რომ ამდენი ადამიანი როგორ ვერ მოერია ერთ ადამიანს და თუ მართლაც გატაცება უნდოდათ, როგორ ვერ მოახერხეს, მითუმეტეს ელექტროშოკები ჰქონდათ და მომხდარს "ნაციონალების" პროვოკაციად აფასებენ.
_ გამოძიების ვალდებულება აქვს ხელისუფლებას, სწორედ ამიტომ უნდა გაიხსნას ეს საქმე და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი!
ცნობისთვის, წიკლაურის ცემის ფაქტს უკვე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი და საგამოძიებო უწყებებს საქმის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 125-ე მუხლით აღიძრა.
წყარო gurianews.com