სერგოს ანა უყვარდა, თუმცა გოგო მას სიყვარულით არ პასუხობდა...
14 მარტს, ვარკეთილში, 180-ე საჯარო სკოლის ეზოში, 23 წლის ანა ოვანესიანის ცხედარი გვიან ღამით იპოვეს. გოგონას გულმკერდის არეში დანით მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. სავარაუდოდ, ანა სისხლისგან დაიცალა და ადგილზე გარდაიცვალა. რამოდენიმე საათში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1981 წელს დაბადებული სერგო ა. დააკავეს. ძალოვანთა მტკიცებით, მან ანა ოვანესიანი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის ადგილას ნაპოვნია მკვლელობის იარაღი - სისხლიანი დანა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. სკოლის ეზოში ახლაც ჩანს სისხლის კვალი.
როგორც ირკვევა, სერგოს ანა უყვარდა, თუმცა გოგო მას სიყვარულით არ პასუხობდა. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა ტრაგედიის მიზეზიც.
მკვლელობის ვერსიებზე ოჯახში არავინ საუბრობს. მომხდარით შეძრულები არიან გოგონას მშობლები. მამა იმდენად ცუდად არის, ექიმების მეთვალყურეობა სჭირდება. სულისშემძვრელია მოკლულის დედის მოთქმა-გოდება, რომელიც დასახიჩრებული შვილის ცხედარს დასტირის. სწორედ დედას ესაუბრა ანა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე.
- ანა სამსახურის შემდეგ მოსწავლეებთან მიდიოდა, ბავშვებს ინგლისურში ამეცადინებდა და სახლში 10 საათისთვის ბრუნდებოდა. იმ დღეს დედას, სტელას, საღამოს 7 საათზე ესაუბრა ტელეფონით. უთხრა, დედა, დღეს მოსწავლესთან არ მივდივარ, რადგან ისინი დაბადების დღეზე მიდიან და სახლში ადრე მოვალ, ”კრაბის” სალათა მინდა და გთხოვ, მომიმზადოო. ანკას რომ დააგვიანდა, ტელეფონზე ურეკავდნენ - თავიდან თითქოს დაკავებას იძლეოდა, მერე საერთოდ არ გადიოდა ზარი. ანას ყველა ნაბიჯი იცოდნენ მისმა მშობლებმა და ამიტომ შვილი რომ არ გამოჩნდა, შეშინდნენ. ბოლოს, 2 საათზე უკვე პოლიციას აცნობეს მისი გაუჩინარება. მეორე დღეს გავიგეთ, რომ ანა მოკლეს. საშინლად არის ნაწამები, ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული, მაგრამ დავათვალიერე და სხვა დაზიანებებიც აქვს. ეტყობა, მკვლელობის შემდეგ მკვლელმა ალბათ ანა თავისივე ჩანთით ათრია გარკვეულ მანძილზე, რადგან ანკას ყელის არეში ზონარის კვალი ეტყობა. ჭრილობა აქვს საფეთქელთანაც. სულ სისხლიანი იყო. ეტყობა, მოკლული ბავშვი იქვე მიაგდო და გაიქცა. სავარაუდოდ, 10 საათზე ანა უკვე მოკლული ჰყავდა მკვლელს. ვერ წარმოიდგენთ, რა ამბავი ტრიალებს ოჯახში. უპატიოსნესი ხალხია და ასე გაზარდეს ეს ბავშვიც.”,- მითხრა ანას ერთ-ერთმა ნათესავმა.
სადარბაზოსთან შეკრებილები აღშფოთებულები იყვნენ "რუსთავი 2-ზე" გასული სიუჟეტის გამო და ამბობდნენ, რომ ამ მასალით მოკლულის სახელი შეილახა. ”ისე თქვეს, თითქოს ღამის 3 საათზე ანა იმ ბიჭთან ერთად შევიდა მარაზიაში, იყიდეს ლუდი და ერთად დალიეს. არავის მივცემთ უფლებას, რომ ამ პატიოსან გოგონას სახელი შეუბღალოს. ლუდს კი არა, გაზიან სასმელებსაც კი არ სვამდა ანკა. მხოლოდ სახლში მომზადებულ კომპოტს თუ დალევდა. თანაც 10 საათზე ანა სავარაუდოდ, უკვე მოკლული იყო. არ შეიძლება ცილი დასწამო ადამიანს.” - მითხრა კიდევ ერთმა ახლობელმა.
როგორც ახლობლებისგან შევიტყვე, ანა 17 წლის ასაკში გათხოვდა, თუმცა მისი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. მალე პრობლემები შეექმნა და მეუღლეს გაშორდა. ”ფეხმძიმე იყო ანკა, ქმრის სახლიდან რომ წამოვიდა. მერე ისწავლა. გოგონაც შეეძინა და მშობლები ეხმარებოდნენ შვილის გაზრდაში. ძალიან მზრუნველი დედა იყო, შვილს არაფერს აკლებდა. არ იცით, ეს პატარა გოგონა რამდენს შრომობდა. ბავშვებსაც ამზადებდა. ასე პატიოსანი შრომით აკოწიწებდა ფულს. იმ ღამით რომ არ გამოჩნდა, მისი პატარა გოგონაც სულ ტიროდა და იძახდა, სად არის ჩემი დედიკოო? ღამის 2 საათზე ძლივს დააძინეს. რამოდენიმეჯერ ძილშიც წამოხტა, დედა სად არის? დედა არ მოვიდა? დღეს გაიგო რომ დედა ცოცხალი აღარ არის და ბავშვი საშინელ დღეშია.რატომ მოუკლა მკვლელმა პატარას დედა, რატომ... მან უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი”,- მითხრა თვალცრემლიანმა ანკას ნათესავმა - მკვლელის შესახებ არაფერი ვიცით, როგორც ამბობენ, მას ანკა უყვარდა, მაგრამ ანკას ის ბიჭი არ უყვარდა. ერთხელ რომ გაცილდა მეუღლეს, მას მერე ამ საკითხს სულ სხვა თვალით უყურებდა. ერთადერთი იმაზე ფიქრობდა, რომ შვილი გაეზარდა. არ ვიცით, ეს ბიჭი ემუქრებოდა თუ არა ანკას. ან რატომ მოკლა ასე სადისტურად 23 წლის გოგო”,- დასძინა მან.
წყარო kvirispalitra.ge