“მე მიმაჩნია, რომ კაზანტიპად რომ გადავაქციეთ აფხაზეთი 80 იან წლებში იმიტომ დავკარგეთ” -როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში რაინდ ლევან ვასაძის ეს ფრაზა მოვისმინე, თავიდან ყურებს არ დავუჯერე, მერე ხელახლა, მოვუსმინე და დავრწმუნდი, რომ სწორად მესმის. გავბრაზდი, მერე გადავწყვიტე რუსეთუმე ანდრო ხითინბეგაშვილის შემდეგ, რომელმაც პუტინს საქართველოს გადამრჩენელად თვლის, მეორე ადამიანისთვის რაინდ ვასაძისთვის გამეცა პასუხი.
როგოც ჩანს ვასაძის პოპულიზმა ყველა რაციონალური საზღვრები გადალახა, ჯანდაბას პოპულიზმს, პირადად მე როგორც გაგრელს როგორც აფხაზეთის შვილს არ შემხებოდა და არ შემურაცყოფდა. თითქოს ერთი სისულელე არ კმარაო, გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, ბიზნესმენმა კვლავ გაიმეორა:
- თქვენ განაცხადეთ, “კაზანტიპად” რომ იქცა აფხაზეთი და ყირიმი, ამიტომაც დაიკარგაო. რა იგულისხმეთ?
- დიახ, მესმის, რომ ეს ბევრისთვის გაუგებარია. მე ვთქვი, რომ 80-იან წლებში, სოხუმი და გაგრა ჩვენთვის “კაზანტიპი” იყო. მე არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას.
“მე არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას” – ამაზე დიდი ცინიზმი და დაცინვა რა გინდათ ბატონო ვასაძევ? მე მაყენებთ შეურაცხყოფას როგორც გაგრელს, ათასობით ადამიანს აყენებთ შეურაცხყოფას, რომლებმაც სახლი და კარი დატოვა აფხაზეთში, თქვენი მსგავსი ავანტიურისტების გამო. ჩემს დახვრეტილ ბაბუას და ბებიას აყენებთ შეურაცხყოფას, ჩემს მოკლულ ბიძას და ნათლიას. თქვენ თქვენივე თავს აყენებთ ბატონო ვასაძევ შეურაცხყოფას.
ბატონო ვასაძევ, გაგრა და სოხუმი არასოდეს ყოფილა გარყვნილების ბუდე… 12 წლის ვიყავი როდესაც გაგრა დამატოვებინეს და მახსოვრობაში ბევრი რამ შემომრჩა. აფხაზეთში არ ცხოვრობდნენ ისეთი ხალხი, რომლებმაც 80-იან წლებში ჩემი მხარე კაზანტიპატ აქციეს, თქვენ ტყუით, ტყუით ისევე როგორც ყველაფერში და ყველგან, მაგრამ ტრაგედია არაა თქვენს ტყუილში, უბედურება ისაა, რომ თქვენ თქვენი განცხადებებით დაამცირეთ სამასი ათასი დევნილი. თქვენ ირიბად, აფხაზეთს უწოდეთ გარყვნილების მხარე, ირიბად რატომ? – პირდაპირ თქვით. მწარედ ცდებით, თქვენს მოსაზრებაში, მაგრამ მე თქვენი შეცდომა არაფერში მანაღვლებს, მე უფრო ის მტკივა, რომ თქვენს მოსაზრებას მავანი იზიარებს, თქვენს აზრს ვიღაცეები პატივს სცემენ და უსმენენ… განსაკუთრებით გისმენენ ახალ თაობაში, თინეიჯერები რომლებიც დიდად ვერ დაიკვეხნიან განათლებით და ცოდნით, ეს ადამიანები მართლაც ჩათვლიან, რომ აფხაზეთი იმიტომ დავკარგეთ, რომ იქ გარყვნილება ხდებოდა. ნეტავ ანგარიში თუ გაუწიეთ თქვენს სიტყვებს? მაგრამ როგორც სჩანს თქვენ ის პერსონა ბრძანდებით, რომელიც არაფერს არ უწევს ანგარიშს, არც იმას, რომ ჩემსავით აფხაზეთიადნ დევნილ ასობით ადამიანს გული ძალიან ატკინეთ.
ხშირად დავდიოდი გაგრის პლაჟებზე, მარტოსაც მივლია და არასოდეს მინახავს წყვილიც კი რომელიც ერთმანეთს კოცნიდა. ძალიან მიყვარდა სოხუმის “პინგვინი” და განუმეორებელი ნაყინი, არ მახსოვს იქ გარყვნილების მსგავსი არაფერი. სად ნახეთ ბატონო რაინდო აფხაზეთში გარყვნილება და “სექსი პლაჟზე” ყველას დასანახად?
მე გეტყვით, აფხაზეთში ცხოვრობდა მშრომელი და კეთილსინდისიერი ხალხი. აფხაზეთში ცხოვრობდნენ კულტურული და განათლებლი ადამიანები. ადამიანები რომელთა დილა იწყებოდა ყავით და გრძელდებოდა შრომით, საღამო კი სრულდებოდა ან კინოში ან თეატრში. მე ეს ყველაფერი მახსოვს და ვიცი ბატონო ვასაძევ და თქვენ რა იცით? – მე ვიცი, რომ სოხუმი იყო ინტერნაციონალური ქალაქი, სადაც ცხოვრობდნენ ბერძნები, უკრაინელები, რუსები, ქართველები, სომხები და აფხაზები, მაგრამ ჩვენს თანაცხოვრებაში გარყვნილება არასოდეს ყოფილა. – მე ვიცი, რომ გაგრა წალკოტად აქცია, იქაურმა ქართველებმა, რომლებიც ჭაობებს ხელით აშორბდნენ, დღე და ღამე შორმობდნენ და აშენებდნენ. ამიტომ სანამ იტყოდეთ, “რომ კაზანტიპად რომ გადავაქციეთ აფხაზეთი 80 იან წლებში იმიტომ დავკარგეთ” – კარგად დაფიქრდით, იქნებ ვის აყენებთ ამ თქვენი ფრაზებით დარტყმას, იქნებ ვის შეურაცხყოფთ და ამცირებთ? – სირცხვილია ბატონო ვასაძევ და უხერხულია აფხაზეთიდან დევნილების ასე დაცინვა.
ამიტომ, მოუხადეთ ბოდიში ათასჯერ გამწარებულ ადამიანებს, რომლებიც პრაქტიკულად უაპელაციოთ, ისე როგორც თქვენ გჩვევიათ, გარყვნილებაში დაადანაშაულეთ. – მომიხადეთ მე ბოდიში, რადგან ვთვლი, რომ ჩემი დახვრეტილი ახლობლები და ოჯახის წევრები რუსულ იმპერიალიზმთან და შოვინიზმთან უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდნენ და არა გარყვნილებასთან.
მოიხადეთ ბოდიში, რადგან თქვით ის რაც არ უნდა გეთქვათ და რადგან თქვით, მე ჩავთვლი, რომ თქვენ აფხაზეთი არასოდეს გყვარებიათ და ამ განცხადებით მხოლოდ ეს გამოავლინეთ.
ირაკლი მანაგაძე
ახალი ამბების სააგენტო “ექსპრესნიუსის” ინტერნეტგამოცემა “არგუმენტის” მთავარი რედაქტორი