Express News

რას ყვება ქართველი ტრანსგენდერი, რომელიც თანამდებობის პირებს ემსახურება


ერთი წლის წინათ გავიცანი, მაშინ ვახო ერქვა. ლადო ბედუკაძის წინააღმდეგ განცხადებები გააკეთა, მერე ბედუკაძის ადვოკატს, ელზა ჯმუხაძეს დაურეკა და "ქრონიკა+"-ის ოფისში მივიდა. უცნაური ისტორია ჰქონდა, დედა არ ჰყავს, მამამ ტელევიზიით შეიტყო მისი სექსუალური ორიენტაციის ამბავი და შვილთან ურთიერთობა შეწყვიტა. დეიდებმა, ასე თუ ისე, გაუგეს, მაგრამ... სახლი არ აქვს, რამდენიმე მეგობარი ჰყავს, ცირკთან დგას და სექსმუშაკობით ირჩენს თავს. ამჯერად გიორგი ჩხარტიშვილია. 17 მაისს გეიაღლუმი დააანონსა. მოულოდნელად მოექცა ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში. საზოგადოების აგრესიამ დააფრთხო. პირველად ფეისბუქში მომწერა, მიმოწერისას ჩემი რამდენიმე მინიშნების მერე მიხვდა, რომ გეიაღლუმის ორგანიზატორებზე ბევრი რამ ვიცოდი. შეხვედრა მთხოვა და სკანდალური ინტერვიუც მომცა.

- გიორგი, სახელი და გვარი რატომ შეიცვალე?
- ბედუკაძის ისტორიის მერე ძალიან დიდი პრობლემები შემექმნა, თუ სადმე მივედი სამსახურზე, ყველგან ბედუკაძის ცოლს მეძახდნენ, დამცინოდნენ. იძულებული გავხდი, სახელი და გვარი შემეცვალა, თუმცა ამანაც არ გამოიღო შედეგი და ისევ იგივე პრობლემები მაქვს.

- ბედუკაძის სკანდალის მერე, როგორც მახსოვს, ქვეყნიდან წახვედი.
- ერთი კვირით წავედი ქვეყნიდან, თურქეთში გამძარცვეს, ფული მომპარეს და უკან დაბრუნება მომიწია. ციხის ამბებს რაც შეეხება, წერილი მომივიდა პროკურატურიდან. გაერთიანდა ყველა საქმე, რომელიც ციხის კადრებს ეხებოდა. მითხრეს, რომ საქმე ჯერჯერობით გამოძიების სტადიაზეა და არ არის დამთავრებულიო. ველოდები, გამოძიება როდის დასრულდება. ისე, ბედუკაძე ამ ცოტა ხნის წინათ სახალხო დამცველთან ვნახე, სამხედრო ფორმა ეცვა, - ჩემი ქმარიც აქ ყოფილა-მეთქი, - მივაძახე. ისე შერცხვა, იქაურობას გაეცალა.

- გადავიდეთ მთავარ საკითხზე: 17 მაისს "იდენტობამ" გააუქმა ყველა აქტივობა და ოფისიც დროებით დახურა, იმის გამო, რომ მათი აქტივობა არ იქნას გამოყენებული პროვოკაციებისთვის. ამის შემდგომ თემა, რასაც საზოგადოების პროტესტის გამოწვევა შეეძლო, ამოიწურა და სრულიად მოულოდნელად გაჩნდი შენ. რატომ გადაწყვიტე, რომ გეიაღლუმი შენ უნდა ჩაატარო?
- პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ მე დღეს არსად არ ვმუშაობ, ამიტომ მიწევს ყოველდღიურად ყოფნა ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ სექსში ფული ავიღო, ამით ვცხოვრობ. ბევრი ადამიანი მოდის ცირკთან, რომელთაც ჩემი მომსახურება სჭირდება, რიგითი ადამიანებიც და თანამდებობის პირებიც. ჩემთან ერთხელ მოვიდა ასაკოვანი კაცი, რომელმაც სექსისთვის წამიყვანა. ჩვენ წავედით ელიავას სკვერთან თავისი შავი, დაბურულმინებიანი ჯიპით. იგი მელაპარაკა, რა უნდა გაგვეკეთებინა, როცა ჩვენი უფლებები ირღვევა და ყურადღებას არავინ გვაქცევს.

- შეგიძლია, მისი ვინაობა დაასახელო?
- არ ვიცი, შავი ფერის დიდი ჯიპით იყო, წითელი ფარები მახსოვს. ცოტა ოდნავ ჭაღარა თმებით, გრძელი ცხვირით, დამჭკნარი სახით. სექსის დროს შევამჩნიე, "შარვალ-კოსტუმში" იყო ჩაცმული. საუბრის მიხედვით ვერ ვიცანი. სექსის მერე მითხრა, - როცა უფლებები ირღვევა, რატომ არაფერს ამბობთო? მე ვუთხარი, -წინააღმდეგობა რომ გავწიოთ, არაფრის შანსი არ გვაქვს-მეთქი. მაშინ მან შემომთავაზა, რომ ჩვენ გაგვეკეთებინა რაღაც გამოსვლები, აქციები და ყველანაირად დაგვეხმარებოდნენ. მე ვუთხარი – რადგან ქალის ფორმაში ვარ ჩაცმული, ეტყობა, ვერ მიცანი, მე ის ვარ, ბედუკაძის საქმეზე სკანდალური განცხადებები რომ გავაკეთე-მეთქი. ამაზე მითხრა, - შენ ეგა ხარო? მაშინ თუ შენ ეგ ხარ, ასეთი თავისუფალი, 17 მაისს ყველაზე მაგარი იქნება, თუ აქციას ჩაატარებ და ამის მერე საქართველოდან წახვალო. მე ვუპასუხე, რომ საქართველოდან წასვლა ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, აქ ჩემს თავს რეალიზება ვერ გავუკეთე-მეთქი. - იფიქრეო, -მითხრა, სექსში 50 ლარი გადამიხადა და წავიდა. ასევე მითხრა, რომ დამირეკავდა და ჩემი ტელეფონის ნომერი წაიღო, მერე რამდენიმე დღე არ გამოჩენილა. ერთი კვირა გავდა, ისევ მხვდება ეს ადამიანი და მეუბნება, - მე რომ გელაპარაკე, იმ საქმეზე რას ფიქრობო?

- შემთხვევით შეგხვდა თუ დაგირეკა?
- ცირკთან მოვიდა, ამჯერად მანქანაში არ ჩამისვა. მითხრა - გორში ხომ არ წახვალ აქციაზეო? მე ვუთხარი, - გორში რა ხდება-მეთქი? - იქ ანტიდისკრიმინაციულ კანონს განიხილავენ და კარგი იქნება, თუ ჩახვალთ და აქციას მოაწყობთო. არც ფული გვქონდა და არც არაფერი, იმ დღეს წვიმა იყო, ვერც მე და ვერც ზიზიმ ვერ ვიმუშავეთ. - მანქანაზე პრობლემა არ გექნებათო. - კარგი, რაც არის, არის, წავალთ-მეთქი. ამის შემდეგ ზიზის დაველაპარაკე, - ასეთი რამ ხდება კანონთან დაკავშირებით და შენც უნდა წამოხვიდე-მეთქი. ზიზი მებუნება, - მე ვმუშაობო... მაგრამ ბოლოს მაინც დამეთანხმა, რადგან კანონის განხილვა იყო დაწყებული, საპატრიარქო გამოიქცა პარლამენტიდან, მწიფდებოდა სიტუაცია, ზიზი ავიყოლიე, ზიზიმ, თავის მხრივ, თავისი დაქალები აიყოლია. გაჩნდა პრობლემა ტაქსთან დაკავშირებით. საღამოა, 5-6 საათი, მოდის ისევ ის ადამიანი, - ტაქსი რომ მოგიყვანოთ, გორში წახვალთო? მე მოვითხოვე უსაფრთხოება, ვიცოდი, გორში რომ ჩავიდოდი, აუცილებლად გვცემდნენ. იმავე საღამოს მოვილაპარაკეთ. მეორე დღეს გორში მივდიოდით, ცირკთან შევიკრიბეთ ყველანი, მოვიდა ვერცხლისფერი ფურგონიანი ტაქსი QVV-504, ჩავსხედით და გორში წავედით, ტაქსისტს არავინ ახლდა სხვა. წაგვიყვანა გორში. შესასვლელში გაგვაჩერა პატრულის მანქანამ, გადმოვიდა პატრულ-ინსპექტორი. გვეუბნება, - თქვენ მიდიხართ აქციაზე? ანუ ყველაფერი წინასწარ იცოდა და გაფრთხილებული იყო... გამოგვყვა. გორის შესასვლელიდან ერთი საპატრულო ეკიპაჟი გვაცილებდა გორამდე, ჩაგვიყვანეს ტელეკომპანია "თრიალეთთან", ეზოში გადმოვედით მანქანიდან, ამასობაში პატრულის კიდევ რამდენიმე ეკიპაჟი მოვიდა. ტელევიზიის ეზოში სულ სამი ადამიანი იდგა, მალე ტელევიზიის ეზოში 30-მდე ადამიანი შემოვიდან. უცებ ქუჩაც გადაიკეტა, ჩვენ აღმოვჩნდით შეშინებულ მდგომარეობაში. როცა ინტერვიუები მივეცით, ბოლოს ჟურნალისტი გვეუბნება, დარჩით გადაცემაშიო, მაგრამ პატრულის ასმეთაურმა ამის საშუალება არ მოგვცა. ზიზის ისე მოეწონა ეს სიტუაცია, აღარ მოდიოდა, ძალით ჩავტენე მანქანაში. იმავე ტაქსმა წამოგვიყვანა, წინ ერთი ეკიპაჟი მოგვყვებოდა, უკან სამი პატრულის ეკიპაჟი და ერთიც კრიმინალური პოლიციის მანქანა, ბოლომდე მოგვაცილეს ცირკამდე. საინტერესოა ისიც, როგორ ჩავედით გორში.

გიორგი ახალკაცი არის ჟურნალისტი ტელეკომპანია "თრიალეთში", ის ზიზის კარგად იცნობს. როგორც კი გორის ამბავი გავიგეთ, ზიზიმ დაურეკა მას და ჰკითხა, მანდ რა ხდება, ჩვენ მოვდივართო... ახალკაცი ეუბნება, - აქ ვაჭარაძე ჩამოდისო. ზიზი ძალიან აღრენილია ვაჭარაძეზე და უფრო იმიტომაც მოინდომა გორში წასვლა. არადა, ვაჭარაძეს, თურმე, დარეკილი აქვს წინა დღით, რომ არ მიდის. მის მაგიერ ნათია ხარატიშვილი გააგზავნა. თბილისში რომ დავბრუნდით, მირეკავს დაფარული ნომერი. ის კაცი, ვისთანაც სექსი მქონდა ერთი კვირის წინ, მეუბნება, -ჩვენ რომ მოგცეთ თანხა რეალურად, გახვალთ თუ არა 17 მაისს ქუჩაშიო? მე ვკითხე, - რა თანხაზეა ლაპარაკი-მეთქი? - 40 ათასი რომ მოგცეთ, ქუჩაში თუ გამოხვალთო? ჯერ მითხრეს, პროკურატურასთან წადითო. მე ვუთხარი, თუ რა მოთხოვნით უნდა გავსულიყავით? ამასობაში ამათმა მითხრეს, რომ მე უნდა მომეძებნა ისეთი ადამიანები, რომლებიც აგრესიულად იქნებოდნენ განწყობილები. დავიწყე აქციაზე წამომსვლელი ხალხის ძებნა და მიმოწერა გეებთან, რომ თანხა არის და გავიყოთ-მეთქი. ამის მერე მივწერე ერთ პიროვნებას, თავისუფლება ჯიქურს. ეს ამ ადამიანის სახელია. მან ეგრევე მისწერა "იდენტობას", ამაზე დიდი ამბები ატყდა. რამდენიმე საათის მერე ისევ მირეკავს დაფარული ნომერი (მაჩვენებს დარეკვის დროს), - შენ "იდენტობაზე" საჩივრის შეტანა გინდაო? თუ გინდა, დაგეხმარებით, გამოვიძიოთ იმ გრანტების საქმეო, ტელევიზიებსაც გამოგიგზავნიო. მე მხოლოდ "ტვ-3"-ს დავურეკე, "ტვ-3"-ის გარდა შვიდი ტელევიზია დამხვდა პროკურატურასთან. გადამიღეს საჩივრის შეტანის დროს. წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა. მერე ჩემმა რამდენიმე ნაცნობმა დამირეკა, რომლებმაც ამიხსნეს, რომ ცუდი მიმართულებით მივდიოდით.

- ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც გირეკავდნენ?
- წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ, სავარაუდოდ, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი იციან ჩემ შესახებ.

- მოდი, პირდაპირ გკითხავ: არიან თუ არა ეს ადამიანები დაკავშირებულები ევრაზიულ კავშირთან?
- დარწმუნებული ვარ რომ არიან...

- შეიძლება თუ არიან?
- ერთი პიროვნების სახელს და გვარს დაგისახელებთ და დასკვნები თქვენ გააკეთეთ. მე ურთიერთობა მაქვს შოთა აფხაიძესთან. ვიცი, რომ თქვენ მის შესახებ იცით. ჩემგან სახელისა და გვარის დასახელება დიდი რისკია, მაგრამ რადგან გადაწყვეტილება უკვე მივიღე, უკან აღარ დავიხევ. ასევე მოგიყვებით, რა ლაპარაკი მქონდა მასთან. 

- სამაგიეროდ რას გთავაზობენ?
- საქართველოდან წასვლას, მითხრეს რომ შენგენის ვიზას პასპორტში ჩამირტყამდნენ მხოლოდ 17 მაისის მერე, როცა რეალურად ნახავდნენ აქციის შედეგს. მოვითხოვე, რომ 15 მაისს პასპორტი უკვე უნდა მქონოდა. ამჯერად ფეისბუქზე მომწერეს სტანისლავის სახელით (მიმოწერას მაჩვენებს). ჩემი პასპორტი ახლაც მათთანაა. ამ ინტერვიუს გამოქვეყნების მერე, ალბათ, პასპორტს აღარ დამიბრუნებენ. მერე აღმოჩნდა, რომ ჩემი სახელით გვერდი გაიხსნა – საქართველოს ცისარტყელა, რომელიც მე არ შემიქმნია. ამ გვერდზე დაანონსდა 17 მაისი. განცხადებაც გამომიგზავნეს, თუ რა მოთხოვნები უნდა მქონოდა აქციაზე, მთავარი მოთხოვნა იყო ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება. ქორწინება უნდა ყოფილიყო ლეგალიზებული და ა.შ. ვიცოდი, აუცილებლად დაგვარბევდნენ, მაგრამ მპირდებოდნენ, რომ დაგვიცავდნენ. აი, ნახეთ, რამდენი ზარია ჩემს ტელეფონზე იმ დღეს დაფარული ნომრიდან (მაჩვენებს ზარებს საათების მიხედვით).

- გიორგი, უცნობი ყოველდღე გირეკავს?
- მირეკავს მაშინ, როცა მნიშვნელოვანი ამბავი ხდება, ან აქციაა მოსაწყობი. ზიზის ნაკერების გადახსნის ამბავიც მან მთხოვა. დამირეკა და მითხრა, ტეელვიზიები მოვლენ და კამერების წინ ნაკერები მოიხსნასო. მართლაც მოვიდა ტელევიზია, ზიზიმ ატეხა ამბავი და ნაკერები მოიხსნა. ჩემი მიზანი რა იყო, გეტყვით: საქართველოდან მინდა წასვლა, ამიტომ ვაკეთებდი ამ ყველაფერს. მეგონა, ძალიან მაგარი ამბავი მოჰყვებოდა, მაგრამ ასე არ ხდება. გამოდის, რომ მე ვანადგურებ იმ ქვეყანას, სადაც ვცხოვრობ. ერთი კაციც რომ დადგეს აქციაზე, აუცილებლად დაარბევენ და დარბევა კარგად ხვდებით, რომ ქვეყნის მომავლის დანგრევას ნიშნავს.

- გიორგი, შენ ხომ კარგად გაქვს გაცნობიერებული, რომ ქუჩაში თქვენს გამოსვლას აუცილებლად მოჰყვება დარბევა? ხოლო სექსუალური უმცირესობების დარბევა საერთაშორისო რეზონანსს გამოიწვევს. წინ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაა, ამ ნაბიჯზე მხოლოდ ფულის გამო რატომ მიდიხარ?
- არ მივდივარ, ამიტომაც მოგმართეთ თქვენ დახმარებისთვის. ვიცი, რომ თქვენ დამეხმარებით, მართლა სერიოზული პრობლემის წინაშე ვარ. მე ისიც არ შემიძლია, რომ უკან დავიხიო, იციან, რომ ცირკთან ვდგავარ, პროსტიტუციით ვარ დაკავებული, მე ვარ სექსმუშაკი, ღმერთმა იცის, მე რა მომივა. ხვდებით? ამიტომ მჭირდება თქვენნაირი ადამიანი, რომელიც ამ მიმართულებით რჩევას მომცემს, როგორ დავიხიო უკან? უკანდასახევი გზა აღარ მაქვს! ამავდროულად, საზოგადოებაში არის ინფორმაცია, რომ 17 მაისს აქცია ტარდება, მაგრამ მე არ მინდა 17 მაისს აქციაზე გასვლა, რადგან ამით სერიოზული პრობლემა მექნება. ვიცი, რომ დაგვარბევენ, დარბევას კიდევ რა მოჰყვება, თავზე დაგვახევენ ასოცირების ხელშეკრულებას.

- რას ფიქრობ? შეიძლება, ამ პროცესების უკან რომელიმე პოლიტიკური ძალა იდგეს?
- კი, ვფიქრობ, ჩვეულებრივი ადამიანი არ მოსულა ჩემთან, მოვიდა ადამიანი, რომელიც მაღალ ეშელონს წარმოადგენს და საკმაოდ სერიოზული ფული აქვს. ჩვეულებრივი ადამიანი რომ მოსულიყო, მართლა არაფერს გავაკეთებდი, მაგრამ ეს მოკითხვები-მიკითხვები, ფულის დაპირება, მანქანის გამოგზავნა, პატრულით გაცილება, ტელევიზიები... წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ შესაძლებელლია, ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ. ფაქტია, რომ ჩემთან რიგითი ადამიანები არ მოსულან. მე მომაკითხა იმან, ვისაც აქვს ძალა და ფული.

- შეიძლება, რომ ამ დღეებში ისევ გამოჩნდნენ? 
- შეიძლება, გორის აქციის მეორე დღეს ჩემთან იყო მოსული, იმავე ღამეს, 2-3 საათი იქნებოდა. შესაბამისად, არ ვიცი, შეიძლება დღესვე გამოჩნდეს, შეიძლება ოდნავ გვიან. ვაანონსებდი, რომ ვატარებ, მაგრამ ხალხიც არ არის, ვინც გამოვა, ყველამ იცის, რომ ეს არის პროვოკაცია და ცუდი რამ და მას შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს. არის ერთი ორგანიზაცია, "ლგბტ საქართველო", როგორც კი ხალხის მოძიება დავიწყე ფინანსების მეშვეობით, პირადული მიმოწერა მქონდა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელთან. მე მას ვთხოვე, ორი ადამიანით მაინც დამხმარებოდა. "ლგბტ საქართველო"-ს გამგეობის თავმჯდომარე დამპირდა, ორი რა არის, ხუთ ადამიანს გამოვიყვან, მაგრამ თითო კაცში ათასი ლარი მაინც მინდაო, ოღონდ ეს ხუთი ათასი ლარი უნდა ჩამირიცხო. ოფისის ხარჯები არ მაქვსო. "ლგბტ საქართველო" შეუთანხმდა კიდეც თავის ხალხს (მომოწერას მაჩვენებს). სულ არ გამოვრიცხავ, რომ ეს ხელისუფლებისგანაა გაკეთებული. არც იმას, რომ პრორუსული ძალებია ამ საქმეში ჩართული, მაგრამ სახელი და გვარი არ ვიცი იმ ადამიანის. თუ მოინდომებენ, ძნელი დასადგენი არ არის. მე სექსმუშაკი ვარ, ჩემი საქმე მაქვს და დამატებითი დეტალები არ მჭირდება, ჩემი საქმე იყო, რომ დიდი ლუკმა მომდის. დიდი ლუკმა ამ საქმეში დიდი ფული და საქართველოდან წასვლა, ამიტომ გადავდიოდი პირდაპირ საქმეზე. მერე უკვე ჩემმა მაგობრებმა მითხრეს, რომ ეს საშინელებაა, რასაც შენ აკეთებ, რადგან ეს არის პროვოკაცია ქვეყნის წინააღმდეგო. მე უკვე ვიცი ეს და ამიტომ მინდა, რომ როგორმე დამეხმაროთ, რა ვიცი, ხვალ რა იქნება?.. საქართველოში ჩემი არც უსაფრთხოება და არც ინტერესები არ არის დაცული, ამიტომ გთხოვთ, დამეხმაროთ!

გიორგი ჩხარტიშვილმა "ქრონიკა+"-ს გადასცა ელექტრონული მიმოწერის ასლები, ასევე მიმოწერის ასლები სოციალური ქსელის მეშვეობით. მან დაასახელა კონკრეტული პიროვნებების სახელები და გვარები, დაასახელა ტაქსის ნომერი, მას ტელეფონში შენახული აქვს დაფარული ნომრებით დარეკვის დრო და ნებისმიერ შემთხვევაში მისი მობილური ტელეფონის დეტალური ამონაწერის გაშიფვრის შემდეგ, დაფარული ნომრის გაშიფვრაც შეიძლება.

"ქრონიკა+" მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს! –პრესაში გამოქვეყნებული ამ სკანდალური ინტერვიუს შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, ვინ არიან ის პირები, რომელთა მეშვეობითაც წინასწარი პროვოკაციების განზრახვით ხდებოდა თბილისში გეიაღლუმის ორგანიზება, რომლის საბოლოო მიზანიც იყო დესტაბილიზაცია ქვეყნის დედაქალაქში და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ ქვეყნის დისკრედიტაცია.

გიორგი ჩხარტიშვილის მიერ გადმოცემული ელექტრონული მიმოწერის ნაწილს აქვე ვაქვეყნებთ, ჩვენს ხელთ არსებულ სხვა მასალებს პირველი მოთხოვნისთანავე გადავცემთ გამოძიებას.

ელისო კილაძე
გაზეთი "ქრონიკა+"

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT