დიდი შაბათი
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, დიდ შაბათს იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. დღეს დილიდან ტაძრის გარშემო გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდა. სამღვდელოების წარმომადგენლები გარდამოხსნას, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნილი გარდაცვლილი უფალია გამოსახული, ტაძარს შემოატარებენ. გარდამოხსნის შემოტარების წესს საღმრთო ლიტურგია მოყვება და მორწმუნეებს წმინდა ზიარების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. გარდამოხსნის შემოტარება სიმბოლურად მაცხოვრისთვის წესის აგებას და მის საფლავში დადებას განასახიერებს. სახარების მიხედვით, საფლავში დაფლულ უფალთან დილაადრიან მენელსაცხებლე დედები მივიდნენ. მათ ნელსაცხებელი მიჰქონდათ, მაგრამ საფლავზე მიდებული ლოდი გადაგორებული დახვდათ, ხოლო უფლის ანგელოზმა მათ აუწყა, რომ უფალი აღსდგა. ვნების კვირის შაბათი, აღდგომის წინა დღეა. ქრისტიანულმა ეკლესიამ დააწესა იმ დღის აღსანიშნავად, როცა პილატესთან მისულმა მღვდელმთავრებმა მისი ნებართვით დარაჯები მიუჩინეს ქრისტეს გვამს, რომელიც მდიდარმა მოწაფემ იოსებ არიმათიელმა კლდეში დაასვენა და ლოდი მიაგორა. შაბათს "შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი, ღაღადებდნენ ციური ძალნი: დიდება შენდა" – ქრისტე ცად ამაღლდა. ეკლესია დიდ შაბათს ზეიმით აღნიშნავს.