Express News

იუსტიციის მინისტრი ყატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდა


საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოადგილეებთან − გოჩა ლორთქიფანიძესა და მიხეილ სარჯველაძესთან, ერთად დღეს ყატარში პირველი მაღალი დონის შეხვედრები გამართა.

იუსტიციის მინისტრი ყატარის პრემიერ-მინისტრს, რომელიც ამავე დროს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრიცაა, შეიხ აბდულა ბინ ნასერ ბინ ხალიფა ალ თანის შეხვდა.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად ელექტრონული მმართველობის განვითარების ასპექტებზეც ისაუბრეს და ერთმანეთს ამ მიმართულებით საქართველოსა და ყატარის მიერ მიღწეული პროგრესი გაუზიარეს. აღნიშნულ საკითხში მჭიდრო თანამშრომლობა დაიგეგმა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მოქალაქეებისათვის სახელმწიფო სერვისების მიწოდების გამარტივება ყატარის პრემიერ-მინისტრის პრიორიტეტია, რაშიც პარტნიორ ქვეყანას საქართველო თავისი გამოცდილების გაზიარებასა და აქტიურ თანამშრომლობას დაჰპირდა.

დღესვე თეა წულუკიანი მოადგილეებთან ერთად ყატარის გენერალურ პროკურორს შეხვდა. შეხვედრაზე სახელისუფლებო შტოებს შორის პროკურატურის ადგილის განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს. ამასთან, ყატარის გენერალურმა პროკურორმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობა შესთავაზა.

ყატარში იუსტიციის მინისტრის ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გამყარებაა. იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია დოჰაში ყატარის მხარის მიწვევით იმყოფება. ვიზიტი 24 აპრილს დასრულდება.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT